თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა კომპანია „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლის გიორგი ჯოხარიძის გამოკითხვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
კომპანია „ყვარელმშენმა“ შეასრულა სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც დღეს დილით ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ჯოხარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დღეს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხობდა.
როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა კომპანიამ სამუშაოები პროექტის სრული გათვალისწინებით ჩაატარა.
„მერიამ ჩაიბარა. არანაირი შენიშვნა მერიას არ ჰქონია… ძველი კონსტრუქცია მოიშალა და მაგან წამოიღო დანარჩენი ეს ახალი კონსტრუქცია“, — განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ.
მისი განცხადებით, სწორედ მერიისგან მიიღო მისმა კომპანიამ დაკვეთა, დაეტოვებინათ ძველი სამაგრები და მათზე ახალი კონსტრუქციები დაემაგრებინათ.
გიორგი ჯოხარიძის თქმით, ჩამონგრევაშია დამნაშავეა ის, ვინც გასცა ექსპერტიზის დასკვნა მასზედ, რომ ძველ საკიდებზე ახალი კონსტრუქციების დამაგრება შეიძლებოდა. ვინ გასცა ეს დასკვნა, ჯოხარიძეს არ დაუკონკრეტებია.
ამჟამად მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სადგური დაკეტილია, მისი მუშაობა, სავარაუდოდ, დილის 6 საათზე აღდგება.