რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე რელსები მოიპარეს: დაკავებულია სამი ადამიანი

გამოწერა
ნინოწმინდასთან ახლოს რელსების მოპარვისთვის დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ნინოწმინდასთან ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „დემირიოლ სერვისის" თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
საქართველოში რკინიგზის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ

სამართალდამცველებმა ნაქურდალი რელსები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტს გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომპანია „დემირიოლ სერვისი" რამდენიმე წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს.

 

შოთა ნოზაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0