თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მესტიის ერთ–ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი, სადაც ის ნაცემი მიიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინციდენტი 27 ნოემბერს მოხდა. ნაცემი ასაკოვანი მამაკაცი გზაზე ადგილობრივებმა ნახეს. ის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის მკვიდრია.
წინასწარი მონაცემებით, პენსიონერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როცა მას ახალგაზრდები დაესხნენ თავს. მისი მეუღლის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.
თავდასხმაში ბრალდებულები უკვე დაკავებული არიან.
მესტიის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებული ტრავმები ჰქონდა მიყენებული, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
სისხლის სამართლის საქმე 117–ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. ბოროტმოქმედებს 4–დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.