23:32 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ირაკლი შოთაძე

აფხაზეთის „საზღვართან“ ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია

© photo by press-service of The Prosecution Service of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
7701

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები, ასევე აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლება იძიებენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საგამოძიებო ორგანოებმა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან სოფელ ბაღრების მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინეს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ოთხოზორია 19 მაისს ოთხმა უცნობმა პირმა სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის იმავე დღეს ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გიგა ოჯახს მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო. ასევე  საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს. ჩვენ დადგენილი გვყავს კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება და უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ ამ საქმეზე შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ“, – განაცხადა შოთაძემ.

საქართველოს შსს ამ საქმეს სსკ–ის 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იძიებს. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მომხდარს ასევე იძიებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. სოფელი ხურჩა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება.

ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან არაფერი აქვთ საერთო.

საქართველოსა და რუსეთს, 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ. 


მთავარი თემები