14:56 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1058)
50 0 0

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ამჯერად შიდა ქართლში გაიმართა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

„რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში კომისიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ის პირველი ეტაპის აუცილებელი მდებარეობები, რომლებიც უნდა განვითარდეს ურბანულად. ამ ადგილების განვითარება გაზრდის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს, რითიც დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ვიზიტორები“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ (სტალინის) გამზირს, კასპის მუნიციპალიტეტში – ქალაქის ცენტრს და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერს, ქარელის მუნიციპალიტეტში – ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ნინოშვილის ქუჩებს, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიას.

გორში კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში მამუკა საღარეიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროგრამის ფარგლებში კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. დღესვე კომისია ახალციხეში შეიკრიბება და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შერჩეულ პროექტებზე იმსჯელებს.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა.

უწყების ცნობით, ტენდერები ყველა მუნიციპალიტეტისათვის გამოცხადდა. ტენდერების შედეგად გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ოთხწლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1058)

მთავარი თემები