თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა, შრომის ინსპექციასთან ერთად, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის აქტიური ჩართულობით მოხდება, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
გადაწყვეტილია: მუნიციპალური ტრანსპორტი მთელ საქართველოში 8 თებერვლიდან ამოქმედდება>>
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებს მუშაობას.
ფერაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა, შემუშავებული აქვს რეკომენდაციები და პროტოკოლი, რომლებიც ტრანსპორტში ზედმიწევნით უნდა იყოს შესრულებული.
„ტრანსპორტი მეტწილად არის დელეგირებული მუნიციპალურ საზედამხედველო სამსახურებზე და საპატრულო პოლიციაზე. ამიტომ მათი აქტიური ჩართულობით მოხდება რეკომენდაციების დაცვა“, – განაცხადა ფერაძემ.
რეგულაციების მიხედვით, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება ტრანსპორტში, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელებიც. ავტობუსის შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა, ან თუ ვინმე ტრანსპორტში მოიხსნის პირბადეს.
ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.
მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება: მერიის განცხადება>>
საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი – კაფე–რესტორნები.