04:38 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
193 0 0

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კერძო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თავად შესთავაზონ გეგმა, თუ როგორ განაახლოს ბიზნესმა მუშაობა უსაფრთხოდ, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დღეს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება  მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. 

ბიზნესმენები, პირველ რიგში, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას ითხოვენ. მათი განცხადებით, ზამთრის კურორტები, სხვა კურორტებთან შედარებით, არათანაბარ პირობებშია. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მზად არიან მთავრობის ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით მიიღონ დამსვენებლები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ ამ სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. 

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტი ითვალისწინებს საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობას იმ სფეროებში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი–იანვარში. ამასთან, გრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. 

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ. 

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი თემები