08:42 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
167 0 0

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადღესასწაულო ღონისძიებები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაიმართება

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ღამე გადაადგილების შეზღუდვა იხსნება>>

გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პანდემიის გამო წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება და მისი ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით აიხსნება.

უწყების ცნობით, 31 დეკემბრის  გალაკონცერტზე შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია. გალაკონცერტს გაუძღვებიან ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია.

კონცერტში მონაწილეობენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, მიმდინარე პანდემიის გამო კულტურის სფერო ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის მერიას გამოეყო 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი ხელოვანი ადამიანი.

უფრო ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

კალაძე: საახალწლო კონცერტის ნახვა მხოლოდ ტელევიზიით იქნება შესაძლებელი>>

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სპეციალური წესებით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კი კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

მთავარი თემები