ზალკალიანი: საუბარი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე გაგრძელდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე ორმხრივი მთავრობათშორისი კომისია 1996 წლიდან მუშაობს, მაგრამ დემარკაცია–დელიმიტაციაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ერთობლივი კომისიის ფარგლებში გააგრძელებს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხის განხილვას აზერბაიჯანთან, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა>>

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს პროკურატურის განცხადების შემდეგ, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დემარკაციის პროცესის დროს უცხო სახელმწიფოსთვის ტერიტორიის არამართლზომიერად გადაცემის შესახებ.

ჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

„კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება... რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და, დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის დროს ამ საკითხის განხილვის დეტალებზე.

„განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით აგერ უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაჟღერებული თემატიკა ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„ეს პროვოკაციაა!“ – სააკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის მიწები არ მიუყიდია

მისი თქმით, ნაპოვნია როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ძალზე მნიშვნელოვანი ტოპოგრაფიული რუკები და დასკვნები და, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ 2006–2007 წლების შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს. ეს საკითხი, მონასტრის უდიდესი კულტურულ-ისტორიული და სულიერი ფასეულობებიდან გამომდინარე, საკმაოდ მტკივნეულია ქართული საზოგადოებისთვის.

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა>>

კომისიამ მუშაობა 2019 წელს განაახლა, მაგრამ ამჯერად მუშაობა კორონავირუსის პანდემიამ შეაჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0