05:59 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
103 0 0

ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და, ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენური წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასთვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)

მთავარი თემები