თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლი ენის განცხადებით, როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, მათ sაქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს.
„გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, გასულ კვირას ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია ვიდეოშეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
„სააქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოეხდინა სრული მობილიზაცია. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში“, - აღნიშნა მან.
COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა>>
14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.