თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. გერმანიიდან 41 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათგან 34-ს თავშესაფრის მიღება უნდოდა, იუწყება გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავში, რომელიც გერმანიიდან თბილისში მოფრინავდა, იმყოფებოდა რვა ადამიანი, რომლებიც აეროპორტში პირდაპირ საგამოძიებო იზოლატორიდან მიიყვანეს.
უმრავლესობამ თავშესაფარი მოითხოვა საქსონიაში, დანარჩენები ლაიფციგ–გალეს აეროპორტში ბრანდენბურგიდან, ტიურინგიიდან და ქვედა საქსონიიდან ჩავიდნენ.
წელს გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%–ით შემცირდა. გერმანიის მიგრაციისა და დევნილების საკითხთა ფედერალური უწყების მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით განაცხადი 2,1 ათასმა საქართველოს მოქალაქემ შეიტანა.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვა მიიღეს (180–დან 90 დღე). უვიზო რეჟიმის უარყოფითი შედეგი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. ამის გამო შეშფოთება გამოხატეს, გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. გამკაცრდა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნათა დამრღვევების მიმართ. ყველა ხარჯი, დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა რეადმისიასთან, თავად გამოძევებულ მოქალაქეებს დაეკისრათ. გამკაცრდა ასევე გვარის შეცვლის პროცედურა.
გარდა ამისა, პარლამენტმა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნა ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა სხვა ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა.
საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ თავშესაფრის მიღების იმედი ქვეყნებში, რომლებმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. მათ შორისაა კვიპროსი, ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, ჩეხეთი, დანია და სლოვენია. მალე მათ გერმანიაც შეუერთდება.
საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ. სულ გაკეთდა 18 ათასი განაცხადი ანუ თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3%. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე.