თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. შეწყალებული მსჯავრდებულების სკანდალურ სიასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გამოკითხავს, იუწყება პირველი არხი.
რაზე ისაუბრა მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ პროკურატურაში>>
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.
ამასთან დაკავშირებით საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღიძრა.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებული არიან დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი.
ისინი პროკურატურაში 11:00 საათისთვის არიან დაბარებული.
პროკურატურაში უკვე გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.
დეპუტატები: თუ საჭირო იქნება, საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხება>>
უფრო ადრე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიით, რომელიც ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული. ამასთან, გაბუნიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
პროკურატურიდან გამოსულ ანგი ხუციშვილს ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და თვითონ არის ამაზე პასუხისმგებელი.