ცნობილი გახდა, როდის გადაუხდიან ხელფასს ტყიბულელ მეშახტეებს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მეშახტეების ხელფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, მაგრამ ტყიბულის შახტების ბედზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულელი მეშახტეები ხელფასს უკვე ამ დღეებში მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარისას.

ტყიბულის შახტებში სამშაბათს დაახლოებით 30 მეშახტე ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს, სანამ მათ არ გადაუხდიან ხელფასებს და არ მიაწვდიან ინფორმაციას სამუშაოს განახლების პერსპექტივის შესახებ. მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტშია, ხოლო ნაწილი – ძიძიგურის სახელობის. ბოლოს მეშახტეებმა პროტესტი ნახევარი წლის წინ გამოხატეს.

პროტესტი მიწისქვეშ - ტყიბულელი მეშახტეები ხელფასს ითხოვენ>>

ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები ხელფასს იღებდნენ, მაგრამ ამჯერად ჯამაგირის გაცემა გაჭიანურდა. მეშახტეები ხელფასებს 15 სექტემბრამდე ელოდებოდნენ.

„ტყიბულთან დაკავშირებით რაც ვიცი, ის არის, რომ ხდება სახელფასო ფონდის აკუმულირება. როგორც კომპანიამ და სახელმწიფომ მომაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ არც არავის გადაუწყვეტია, რომ მათთვის შეეწყვიტათ ხელფასების გადახდა. უბრალოდ, საერთო თანხა არ იყო დაგროვებული, რომ გაესტუმრებინათ ხელფასები და, როგორც ამბობენ, ორ-სამ დღეში მოხდება ამ ხელფასების გასტუმრება", – განუცხადა პეტრიაშვილმა პირველ არხს.

ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ შახტში მუშების მინიმალური ხელფასი 400-500 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 1200-1300 ლარი.

პეტრიაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შახტების მუშაობის პერსპექტივა.

ტყიბულის მაღარო - Sputnik საქართველო
რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ექსპერტიზა მოითხოვა, რომელიც დააკმაყოფილა სახელმწიფომ და გერმანელმა ექსპერტებმა დადეს დასკვნა, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც ამ დასკვნას ლამის გრიფი „საიდუმლო" დაედო და არ ასაჯაროებენ, არ ეუბნებიან არც მეშახტეებს და არც პროფკავშირებს – შრომის უსაფრთხოება საერთოდ შესაძლებელია თუ არა ტყიბულში, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ შახტებში", – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, მეშახტეები ვერ ფარავენ კრედიტებს ბანკებში და ამ კრედიტებს ემატება პროცენტები, ასევე გადასახდელია კომუნალური გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს „საქართველოს ბანკს", „ენერგო პრო ჯორჯიას" და „სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელ მეშახტეთა ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა.

ტრაგედია ტყიბულში: შახტები შესაძლოა სახელმწიფოს გადაეცეს>>

პროფკავშირები ასევე მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეაგროვოს საჭირო თანხა მეშახტეებისთვის ხელფასის გასაცემად, ასევე მიაწოდოს მათ ინფორმაცია სახელმწიფოსა და კომპანიის გეგმების თაობაზე ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების განახლების შესახებ.

კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.

ყველა ახალი ამბავი
0