თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ქვეყნის საკუთრება იქნება, პირველი სტუდენტები 2020 წლის სექტემბერში შემოაბიჯებენ, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
„ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილის თქმით, საქართველოში მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერის შექმნაზე ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო ფიქრი, საზოგადოებას მის აშენებას 2012 წელს დაპირდა, 2020 წელს კი მშენებლობა დასრულდება.
„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითიც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან, აახენის უნივერსიტეტთან და რენის უნივერსიტეტთან.
ივანიშვილის განცხადებით, ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ასევე თბილისში, დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა.
„პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის – სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისისა და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობა ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიარდი ევროთი დააფინანსა.
კომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება და პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით. ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარედ, მდინარე რიონის არხის დასავლეთ და აღმოსავლეთ მდელოებზე, ხელოვნური ტბის გარშემო შენდება.