თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კომპანია TBC Holding-ი, რომელიც ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, დააფინანსებს ქართულ ავიაკომპანიას საქართველოში უკრაინელი ტურისტების ჩამოსაყვანად, დაწერა TBC Holding-ის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის გვერდზე.
„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ „თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო „ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ - დაწერა ხაზარაძემ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქართულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთში ფრენას დროებით აუკრძალავენ. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად „რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებში სახელმწიფო კორპორაციის“ წინაშე ვადაგასული დავალიანების არსებობა დასახელდა.
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ >>
რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.
„აეროფლოტმა“ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანა უკვე დაიწყო და მზად არის მოქალაქეებს 8 ივლისის შემდგომ თარიღებზე გაყიდული ბილეთების საფასური დაუბრუნოს.
ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. რეისებს ასევე ახორციელებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways и MyWay Airlines.
რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.