თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებმაც სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრეს და სურთ პროფესიული გადამზადების კურსები გაიარონ, მაისში დაიწყება.
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ დარეგისტრირდნენ მოკლევადიან კურსებზე შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მშენებლობა. თბილისში ორშაბათს გაიმართა შეხვედრა, რომელიც პროფგანათლების საკითხებს ეძღვნებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ 70-ზე მეტი კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
პროფესიული კოლეჯი „სპექტრის" დირექტორის მათე ტაკიძის თქმით, მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება ან კვალიფიკაცია, შეძლებენ ცოდნის მიღებას, გადამზადებასა და შესაბამისად დასაქმებას. ტაკიძემ აღნიშნა, რომ კურსები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იქნება გახსნილი. მაგალითად, გაჩნდება ისეთი ახალი მიმართულება, როგორიცაა ლიფტის ხელოსანი.
„გადამზადების კურსები უფროსებისთვის სამი ან ოთხი თვე გაგრძელდება. მოქალაქეს, რომელიც მოისურვებს გადამზადებას რომელიმე კონკრეტულ სეგმენტში, არჩეულ პროფესიაში სრული ხელმისაწვდომობა ექნება ყოველგვარი ტესტირების გარეშე. ის უნდა წავიდეს არჩეულ კოლეჯში და მიიღოს განათლება, რომელიც მას დასაქმებისთვის სჭირდება", – განაცხადა ტაკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აპრილში დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებსაც აქვთ საბაზო და საშუალო განათლება და სურთ სწავლის გაგრძელება პროფსასწავლებელში.
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.
დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.
დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.
რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მამუკა ბახტაძემ იცის, როგორ დაასაქმოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები>>
ყველა ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელდება, კერძო სექტორის ჩართულობით იქნება რეალიზებული.