თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ქალები, ბიზნესი და კანონი 2019" საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 79,38 ქულა მიიღო.
რეიტინგის შემქმნელებმა ქალთა უფლებები მსოფლიოს 187 ქვეყანაში შემდეგი ფაქტორების მიხედვით შეაფასეს: შრომის ანაზღაურება, დასაქმება, საკუთარი ბიზნესი, აქტივების მართვა, საპენსიო უზრუნველყოფა, გადაადგილების თავისუფლება, კანონები, რომლებიც ქორწინებასა და ორსულობის პერიოდში დასაქმებულ ქალებს ეხება.
საქართველომ მაქსიმალური - 100 ქულა - გადაადგილების თავისუფლების, ქორწინების თავისუფლებისა და აქტივების მართვის, ხოლო მინიმალური - საპენსიო უზრუნველყოფის (50 ქულა) კუთხით მიიღო. ოდნავ უკეთესი ვითარებაა ორსულობასთან დაკავშირებით - 60 ქულა. დანარჩენი თითოეული კატეგორია კი 75 ქულით შეფასდა.
რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ერთმა მეზობელმა სახელმწიფომ სომხეთმა აჯობა, რომელმაც 83,13 ქულა მოაგროვა. თურქეთმაც საქართველოს მსგავსი ქულები მიიღო, აზერბაიჯანმა -78,75, რუსეთმა კი 73,13 ქულა.
კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებული ქალები ყველაზე უკეთ ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და შვედეთში, ყველაზე ცუდად კი საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სუდანში, ირანსა და ყატარში გრძნობენ თავს.