სკოლის მოსწავლეების ცოდნას ახლებურად შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახში
საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სკოლის მოსწავლეების ცოდნა არა გამოსაშვებ კლასებში, არამედ უფრო ადრე უნდა შემოწმდეს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სკოლებში მოსწავლეების ცოდნას მეექვსე და მეათე კლასებში შეამოწმებენ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, 2019 წლიდან გაუქმდეს სკოლების გამოსაშვები გამოცდები, რომელიც ორ ეტაპად – მე-11 და მე-12 კლასებში მიმდინარეობდა. ამ გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე

„გამოცდების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეფასების საფეხურები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ადრეულ ასაკში უნდა გავიგოთ, ვის რა უჭირს", – განაცხადა აბულაძემ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეექვსე კლასი ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლეების ცხოვრებაში, ისინი განათლების საბაზისო საფეხურზე გადადიან, სადაც იწყება კომპლექსური განათლება, განაცხადა აბულაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროს უნდა შეფასდეს ცოდნა. ამას გარდა, ასევე გარდამავალი ეტაპია საბაზისო განათლებიდან საშუალოზე გადასვლა – მეათე კლასში სწავლა.

„მოსწავლემ მე-10 კლასშივე უნდა იცოდეს თავისი აკადემიური შესაძლებლობები და უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება – კოლეჯში უნდა წასვლა თუ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება უფრო აინტერესებს", – განაცხადა აბულაძემ.

მეათეკლასელების ცოდნის შეფასება საპილოტე რეჟიმში წელს ჩატარდება, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო ზარი - Sputnik საქართველო
რეპეტიტორების ბიზნესი დასრულდა? - გამოსაშვები გამოცდების გაუქმებამ Facebook-ი ააფეთქა

„ეს იქნება ჩვეულებრივი შეფასება, რომელიც სადიაგნოსტიკო ხასიათის იქნება", – აღნიშნა აბულაძემ.

გამოსაშვები კლასების მოსწავლეებისთვის 2020 წელს მომზადდება ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც მათ უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადებს.

„უნივერსიტეტები დღეს ამბობენ, რომ წლიდან წლამდე უარესდება სტუდენტთა კონტინგენტი, წერა არ იციან, კითხვა არ იციან, აკადემიურად მზად არ არიან უნივერსიტეტისთვის... ახალი პროგრამა, რომელსაც ჩვენ 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის დავამტკიცებთ, იქნება ისეთი, როგორიც ბევრ მოწინავე ქვეყანაშია, მაგალითად ესტონეთში", – განაცხადა აბულაძემ.

განათლების რეფორმას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული დადებითი შედეგები ოპონენტებისთვის პასუხი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0