06:15 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
გრიპის ვირუსის გავრცელება – მოქალაქეები ნიღბებით დადიან

„ღორის გრიპი“ უკან იხევს – ბოლო მონაცემები

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს (50)
127 0 0

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან გრიპის ახალი აფეთქებები გამორიცხული არაა

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით, ე. წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები კლებულობს – ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ასი ათას მოსახლეზე 186 დაავადებულია.

ამ გრიპის შედეგად ამ სეზონზე 22 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებების შემთხვევები იკლებს, მაგრამ გრიპის ვირუსი ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს. ეპიდემიად მიიჩნევა, როცა ყოველ ასი ათას მოსახლეზე დაავადებულია 450 ადამიანი.

როგორც ჟურნალისტებს დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, გასულ კვირაში დაავადებულთა რიცხვი ასი ათას მოსახლეზე 211 ადამიანი იყო. დაავადების პიკი დეკემბრის ბოლო კვირაზე მოდის, მაშინ მაჩვენებელი 277 ადამიანი იყო.

გამყრელიძის თქმით, შემცირდა ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გრიპის სეზონი ევროპაში დაახლოებით აპრილამდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება", – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პიკი, რომელიც საქართველოში იანვარში იყო, ევროპის ქვეყნებში თებერვალში დაიწყო. ამიტომ გამყრელიძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან გრიპის აფეთქება კიდევ მოსალოდნელია.

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს. ზოგი ადამიანის ორგანიზმში ის შედარებით იოლად მიმდინარეობს, გართულებების გარეშე, ზოგ შემთხვევებში კი დაავადება ლეტალურად შეიძლება დასრულდეს. რისკის ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები.

ჯანდაცვის სამინისტროს გრიპის სეზონი დაახლოებით ათი მილიონი ლარი უჯდება. კიდევ ერთი მილიონი ლარი დაემატა ანტივირუსული პრეპარატ „ტამიფლუს“ შესაძენად, რომელიც ექიმის დანიშნულებით უფასოდ გაიცემა. ვაქცინაციაზე დაახლოებით 700 ათასი ლარი იხარჯება.

თემები:
საქართველოს გრიპის ვირუსი უტევს (50)

მთავარი თემები