„არა უცხოელებზე მიწების მიყიდვას!" – თბილისში აქციაზე იუსტიციის სახლის შესასვლელი დაბლოკეს

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისში იუსტიციის სახლთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი ივნისში გამოაცხადა. ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობის შესახებ" კანონში, რომელსაც განახლებული კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე უნდა ემოქმედა. ახალი კონსტიტუციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვა იკრძალება.

დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები. აქციის მონაწილეებს დაბლოკილი აქვთ იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელი და ისინი იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. და ახლა საქართველოს ხალხი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამჟამად იუსტიციის სახლთან უცხოელების დიდი რიგი დგას, რომლებსაც სურთ დაარეგისტრირონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ხალხი ამას უპირისპირდება. ახლა ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, შევიკრიბეთ იუსტიციის სახლთან და ამ სამართლებრივი ჩიხიდან გამოსვლა გვსურს. ვეძებთ ამ საკითხის სამართლებრივად გადაჭრის გზებს", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის დაახლოებით 2,5 ათას განაცხადს განიხილავენ, აღნიშნა მან.

სვანეთი - Sputnik საქართველო
სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვას „მწვანე აუნთო“

„ამ 2,5 ათასი ინვესტორის უკან ასობითა და ათასობით ჰექტარი ქართული მიწაა. და, რა თქმა უნდა, ამ რამდენიმე დღეში მრავალი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება შეიძლება, რადგან პროცესი უკვე დაიწყო", – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, პერმანენტული საპროტესტო აქციები საქართველოს განახლებული კონსტიტუციის ამოქმედებამდე გაგრძელდება.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავიდიმ და დიანა შამანიდიმ მიმართეს. ისინი ეყრდნობოდნენ იმას, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმას, კერძოდ, 21-ე მუხლს „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". ამასთან, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია უფლებების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ არ ირღვევა საკუთრების უფლების არსი.

განახლებული კონსტიტუცია სრულად ძალაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დღემდე იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0