მრისხანე პროტესტი და სამარცხვინო ანგარიშსწორება – კალაძე 2007 წლის 7 ნოემბრის შესახებ

გამოწერა
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ურთიერთპატივისცემა სჭირდება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა 11 წლის წინანდელი მოვლენების, კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გახსენებით დაიწყო.

ამ დღეს შსს-მ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა.

შსს-მ 2007 წლის 7 ნოემბერს გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ მაუწყებლობა გაითიშა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„დღეს 7 ნოემბერია – დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე", – განაცხადა კალაძემ.

აქცია რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
„მე მახსოვს 7 ნოემბერი“ – პირდაპირი ვიდეოჩართვა რუსთაველის პროსპექტიდან

კალაძემ ამ მოვლენებს „რეჟიმის დასასრულის დასაწყისი" უწოდა და განაცხადა, რომ დაუშვებელია ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის კვლავ დამყარება.

„დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ეკონომიკურად ქვეყნის სწრაფი განვითარება გვჭირდება, რომ კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს", – განაცხადა ქალაქის მერმა.

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით „მე მახსოვს 7 ნოემბერი", რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები მართავენ. მისი მიზანია შეახსენოს მოსახლეობას 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0