შალვა ხუციშვილი: სახანძრო დეპოში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება

© FB / Giorgi Mgebrishvili Rosenbauer-ის სახანძრო მანქანები
 Rosenbauer-ის სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადება მოიწონა, რომელიც 20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას გულისხმობს.

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ წელს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა შეისყიდა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა. 

„ეს ტექნიკა განკუთვნილია ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ამ გამოწვევებმა გვაჩვენა, რომ სწორად მოხდა ტექნიკის შერჩევა. ყველა ეს შესყიდვა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება“, — აღნიშნა შალვა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას. 

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

მისი თქმით, ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგიონებში, დაახლოებით, 18 მუნიციპალიტეტში, სადაც არის ტყის ხანძრის მაღალი რისკი. შესაბამისად, გაიზრდება ეფექტურობა.

საქართველოს მთავრობამ მოიწონა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადება, რომელიც 20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას გულისხმობს. 

„გამოცხადდება ტენდერი 20 ერთეული მაღალი გამავლობის „პიკაპის“ შესაძენად. ეს „პიკაპები“ განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამით ჩვენ სამაშველო მიმართულებით წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას“, — აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას, ხუციშვილის განცხადებით, აქ შესყიდვები გაგრძელდება.

„ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ევროპულ კომპანიასთან და ორ-სამ წელიწადში საქართველოს სახანძრო დეპოში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ამ სფეროს გასავითარებლად მთავრობის მხარდაჭერა გრძელდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის დროს პარკის დაცვის უფროსი დაიღუპა

საქართველოს 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერია მოედო. ყველაზე დიდი ხანძარი გასული წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა.

სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.

ყველა ახალი ამბავი
0