თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 25 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა, იუწყება ტელეარხი Imedi გაზეთ „კვირის პალიტრაზე“ დაყრდნობით.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბოროტმოქმედმა თამარ გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და მიიმალა. ბაქრაძე მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის მოტივად ბრალდებულსა და ყოფილ მეუღლე ნათია გობაძეს შორის, რომელიც მოკლულის დედა იყო, უთანხმოება სახელდება.
„გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში“, – იხსენებს ბაქრაძე.
მისი სიტყვებით, მას სახლში არავინ დახვედრია.
„კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, — წერს ჩვენებაში ბრალდებული.
მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამრეკელაშვილის ნათესავები და ახლობლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ბრალდებული სახლის დაწვას გეგმავდა, რის დასტურადაც მათ მოჰყავდათ ის ფაქტი, რომ ბინაში სამართალდამცველებმა დაჭრილი ტანსაცმელი ნახეს, რომელსაც ბენზინის სუნი ჰქონდა.
მოგვიანებით საქმის პროკურორმა აღიარა, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილიდან მართლა ამოიღეს სითხე, თუმცა, იგი ბენზინია თუ სხვა ნივთიერება, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ამასთან, ბაქრაძე საკუთარ ჩვენებაში წერს, რომ მან გადაწყვიტა ყოფილი მეუღლის ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიღო.
ბაქრაძის თქმით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა გადაიფიქრა.
„რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა და მე ბავშვებს ვთხოვეთ, რომ ისინი სხვა ოთახში გასულიყვნენ“, – იხსენებს ბაქრაძე.
ბრალდებული აცხადებს, რომ გამრეკელაშვილი მას შემდეგ მოკლა, როგორც კი მან ბავშვები გაიყვანა.
„ამის შემდეგ თამარმა ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარი, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, — აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.
წინა კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქრაძეს და მის ბიძაშვილ თეიმურაზ ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბაქრაძის ნათესავს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
საქმე იმაშია, რომ მკვლელობის შემდეგ ბაქრაძე სოფელ თელეთში ბიძაშვილის სახლში იმალებოდა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა.
ბაქრაძე 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, მის ბიძაშვილს კი ჯარიმა, ან შინაპატიმრობა 6–დან 2 წლამდე ვადით, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ ბაქრაძე ადრე სასჯელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა მან საპატიმრო ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.