08:08 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ანთებული სანთლები

საქართველოს პირველი პირები ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (14)
161 0 0

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს 57 წლისა გარდაიცვალა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცნობილი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მის ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ქავჟარაძის ცხედარი მისმა მეგობარმა მსახიობის ბინაში გუშინ აღმოაჩინა. წინასწარი ვერსიით, მსახიობის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

„გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", — დაწერა მარგველაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

ქავჟარაძე ადამიანების გულებში მუდამ ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ დარჩება, აღნიშნავს პრემიერი კვირიკაშვილი.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს", — დაწერა კვირიკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

ქართული კინემატოგრაფიისა და მაყურებლისთვის ქავჟარაძის გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია, აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ქართულმა კინემატოგრაფიამ და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა — ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის. ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის — მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში. გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა", — დაწერა კობახიძემ თავის Facebook-გვერდზე.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა.

სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მიიწვიეს.

ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს მოუტანა თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე", რომელშიც მარიტას როლი შეასრულა.

მსახიობს 20-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის: „მხოლოდ ერთხელ" (1994), „ჩაკლული სული" (ნატო წერეთელი, 1994), „ოქროს ობობა" (ელა, 1992), „სპირალი" (ლია რამიშვილი, 1990), „პეპელა" (გოგონა, 1977), „კავკასიური რომანსი" (მარჯანი, 1975), „სიყვარული, ივერია და…" (1975) და სხვ.

თემები:
საქართველოს სიამაყე (14)

მთავარი თემები