თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2015 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით 380 ბავშვი გაშვილდა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქეებმა 2015 წელს 164 ბავშვი იშვილეს, 2016 წელს-130, ხოლო 2017 წლის რვა თვის განმავლობაში — 82.
რაც შეეხება უცხოელ წყვილებს, რომლებმაც ბავშვები საქართველოში იშვილეს, 2015 წელს მათი რიცხვი იყო 7, 2016 წელს — 3 და 2017 წლის რვა თვის მონაცემებით — 2.
ამ მომენტისთვის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით 350 ბენეფიციარი სარგებლობს, ხოლო მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართულია 1,5 ათას ბავშვზე მეტი.
ბოლო დრომდე მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბავშვთა სახლები იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრაქტიკულად სრულად მოხდა დიდი ბავშვთა სახლების ლიკვიდაცია, ბავშვები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს.
საუბარი მიდის ბავშვებზე, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებს გარკვეული მიზეზების გამო შვილების დამოუკიდებლად აღზრდა არ შეუძლიათ. მათ შეუძლიათ შვილებთან ურთიერთობა, პერიოდულად მათი მონახულება ან ოჯახში წაყვანა.
საქართველოში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვის აყვანა სურთ, თუმცა, არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვა — მათ არ უნდა ჰქონდეთ ინფექციური ან მძიმე დაავადებები და მძიმე დანაშაულის ბრალდებით არ უნდა იყვნენ ნასამართლები. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვის აღზრდისთვის კარგი პირობები. ოჯახს შეუძლია რიგში დადგეს, თუ სოციალური აგენტი მათ დადებით დახასიათებას მისცემს.
კანონით, ასაკობრივი სხვაობა ბავშვსა და მიმღებ მშობლებს შორის არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. დღეს არ არსებობს სხვა ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა, პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ.