ენგურჰესის ტურისტული ზონა მსოფლიო დონის პროექტი გახდება

© photo: Sputnik / Vladimir Popov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენგურჰესის ტერიტორიაზე მოეწყობა მუზეუმი, ენგურზე გადასახედი მოედნები, ღია საკონცერტო მოედანი და საბაგირო გზა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოთხშაბათს ენგურჰესის მსოფლიო დონის ტურისტული ზონის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

ენგურჰესი უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოეწყობა სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, ენგურზე გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე.

ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს შეადგენს კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271,5 მეტრია, ხოლო სიგრძე — 728 მეტრია. 2015 წელს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ვარაუდობენ, რომ ამ კაშხალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი — 280-მეტრიანი ლიფტი და რამდენიმე ექსტრემალური ატრაქციონი აშენდება.

„იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია, კერძოდ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი. საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა — „ენგურჰესის" ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, ეს ხმამაღალი სიტყვები არ არის, ეს რეალობაა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადგილი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან.

ტურისტული ზონის პროექტირება, რისთვისაც ორი მილიონი ლარია გამოყოფილი, ერთ წელს გაგრძელდება, შემდეგ ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
„ინსტიტუტი ჰიდროპროექტი“ ენგურჰესის გვირაბის გარემონტებას გეგმავს

წინასწარი გათვლებით, ენგურჰესის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.

ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

ენგურჰესზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა. ენგურჰესის მშენებლობას საფუძველი დაუდო საქართველოს საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ.

„ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეს აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0