21:45 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

პეტერბურგში მიღწეული წარმატება – 200 კონკურსანტს შორის გამარჯვებული ქართველი ხელოვანი

© FB/ Lile Pilpani
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
121660

უკვე 10 წელია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლილე ფილფანი ტიხრული მინანქრისგან სხვადასხვა ნატიფ და ულამაზეს ნაკეთობებს ქმნის. ყველაფერი მეგობრებთან ერთად 90-იან წლებში დაიწყო. ჯერ თექაზე მუშაობდა, შემდეგ ტიხრული მინანქრის ხელოვნებას დაეუფლა.

ქალბატონი ლილე დღეს საკმაოდ წარმატებული ხელოვანია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ უამრავ გამოფენაში საკმაოდ წარმატებით მონაწილეობს. სულ რამდენიმე თვის წინ პეტერბურგში, ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ჟიურის წევრებმა მისი ნამუშევრები 200 წარმატებული ხელოვანის ნამუშევრებიდან გამოარჩიეს და პირველი ადგილი მიანიჭეს.

ლილე ფილფანი
ლილე ფილფანი

— 90-იან წლებში, მოგეხსენებათ, გაჭირვება იყო, არ იყო ხელფასები, ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ თექაზე მუშაობა. იდეამ გაამართლა, ძალიან კარგ რაღაცებს ვაკეთებდით და კარგადაც გვეყიდებოდა. მერე ძალიან ბევრმა დაიწყო თექაზე მუშაობა, ამიტომ ინტერესიც გაქრა და გადავწყვიტეთ რამე ახალი მოგვეფიქრებინა. ჩემმა ორმა მეგობარმა შეისწავლა მინანქარზე მუშაობის ტექნიკა. ეს ცოდნა შემდეგ ჩვენც გაგვიზიარა. ასე გადავედით მინანქარზე.

– თქვენი ნამუშევრები საკმაოდ რთული დეტალებისგან შედგება, ალბათ ძნელია მათზე მუშაობა…

— ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი პროფესია არ არის და არ ვწვალობ. მაქვს სრული თავისუფლება, რასაც მინდა ვაკეთებ, პრეტენზია არ მაქვს მხატვრობაზე. იმდენად თავისუფლად ვაკეთებ ყველაფერს, რომ შეიძლება პირიქითაც არის, არც მიჭირს და უკეთესიც გამოდის. ბევრად მეტს ვნერვიულობ, როცა რომელიმე როლზე ვმუშაობ. პრემიერის დროს ძალიან ვნერვიულობ და სანამ მეათე სპექტაკლს არ ვითამაშებ, შეიძლება ეს როლი ისეთი არ გამომივიდეს, როგორიც საჭიროა. აქ ასე არ ვნერვიულობ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ და ნამუშევრებიც არაჩვეულებრივი გამომდის.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის პირადი არქივი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

– თქვენს ხელოვნებას ძირითად პროფესიას როგორ უთავსებთ?

— ძალიან უპრობლემოდ. რეპეტიციები როცა მაქვს, რეპეტიციაზე ვარ და ამის შემდეგ მივდივარ სახელოსნოში. ორივე საქმიანობას ჰარმონიულად ვუთავსებ ერთმანეთს.

– დღეს ძირითადად რა არის თქვენი ხელოვნების ხაზი? რა სახის ნივთებს ქმნით?

— ვქმნი ყველანაირ სამკაულს. რატომღაც მომწონს შედარებით დიდი ნივთების გაკეთება. ეტყობა უფრო თეატრალური თვალი მაქვს. ამ ბოლოს განსხვავებული, ახალი ტექნიკა შევიმუშავე. ამდენი საუკუნეა მინანქარს აკეთებენ და რატომღაც არავის არ გაუკეთებია ასეთი სახით. ჩემით ვჭრი და ვაკეთებ ფორმებს, მოცულობით მინანქარზე ვარ გადასული და 3D ნამუშევრებს ვქმნი. ეს ბევრად ეფექტურია და ძალიან მომწონს. აღარ მაინტერესებს ბრტყელი ნამუშევრები, რასაც უკვე ყველა აკეთებს. ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული ნამუშევარი გამოვიდეს და გამოდის კიდეც. სანათებიც მაქვს გაკეთებული, ასევე ხატები, ქამრების კოლექცია, მინიატურული ტელევიზორი, გულსაკიდები და ა.შ.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

– დახვეწილი ნამუშევრები გაქვთ, ქმნით ფერთა საოცარ გამას, ალბათ ამის სწავლა შეუძლებელია…

— ალბათ ეს შინაგანად მოდის, ან გენეტიკურია, რადგან სვანი ვარ, ნიჭიც ამიტომ გამომყვა.

– რაც შეეხება ფერთა გამას, ამას წინასწარ გეგმავთ თუ დაუგეგმავად მოდის ეს ფერები?

— არასდროს არაფერს არ ვგეგმავ. არასოდეს არ ვხატავ ესკიზს, არ ვგეგმავ ფორმებს. აი ასე, ჩვეულებრივად ვიწყებ მუშაობას და ვამთავრებ. არასოდეს არ ვიცი ბოლოს რა გამომივა.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

- რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის სამკაული?

— სამკაული მნიშვნელოვანია არა მარტო ქალის, არამედ კაცის ცხოვრებაშიც. ჩემი აზრით, მამაკაცსაც ამშვენებს სამკაული. მე პირადად ძალიან მომწონს, როცა მამაკაცს პატარა საყურე უკეთია ერთ ყურზე. რაც შეეხება ქალებს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამკაული. როცა რაიმე სამკაულს ატარებ და იცი, რომ ის შენია, მოგწონს და გიხდება, სულ სხვანაირად გრძნობ თავს. ის სამკაული, რასაც მე ვატარებ, შეიძლება სხვამ ასი წელი არ გაიკეთოს, მაგრამ მე რომ მიკეთია, მოსწონს. მაგალითად, მე ძალიან მომწონს, როცა ქალს ყოველდღე ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, იკეთებს მაკიაჟს, მაგრამ მე ეს არ შემიძლია, არ გამომდის.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— გამოფენებში საკმაოდ ხშირად ვიღებ მონაწილეობას. რამდენიმე თვის წინ პეტერბურგში მივიღე მონაწილეობა გამოფენაში Сокровище Петербурга. ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 200 ხელოვანი. ჟიურიში იყვნენ წარმატებული იუველირები. 200 ადამიანიდან ჟიურიმ რვა ადამიანი აარჩია, ამ რვა ადამიანიდან კი ერთი გამარჯვებული გამოვლინდა და ის ერთი ადამიანი მე ვიყავი. ასე გავხდი Сокровище Петербурга.

ასევე მოსკოვში იყო დიდი გამოფენა, რომლის ორგანიზატორი იყო უნიჭიერესი ნინო მახაშვილი. მოსკოველი მეუღლე ჰყავს. გამოფენისთვის დიდი სივრცე ჰქონდა გამოყოფილი და ჩაყვანილი ჰყავდა ქართველი ხელოვანები, დიზაინერები და ა.შ. მეც ვიღებდი ამ გამოფენაში მონაწილეობას. ჩვენმა სახელოსნომ საკმაოდ საინტერესო ნივთები წარადგინა.

გუშინ დამიკავშირდნენ პეტერბურგიდან და პერსონალური გამოფენის გაკეთება შემომთავაზეს, ვნახოთ რა იქნება.

ჩვენი სახელოსნოს ხელოვანებიც ვგეგმავთ საერთო გამოფენის გაკეთებას. ნელ-ნელა ყველაფერი გამოვა. იმედი მაქვს, მანამდე არ მომბეზრდება და სხვა რამეზე არ გადავალ.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

– ამით რისი თქმა გინდათ, ხშირად იცვლება თქვენი ინტერესის სფერო და გატაცება?

— ეს საქმიანობა რატომღაც ძალიან გამიგრძელდა. სულ რაღაც განსხვავებულს ვაკეთებ, არ შემიძლია ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა. მაგალითად, შარშან მინდოდა სვანეთში პატარა ჰოსტელი გამეკეთებინა. დავიწყე მშენებლობა, ყველაფერში მე თვითონ ვიყავი ჩართული. სულ მალე პირველ სტუმრებს მივიღებ. ერთი სიტყვით, სულ რაღაცას ვაკეთებ, თუმცა ერთი და იმავე საქმის ხანგრძლივად კეთება არ შემიძლია. სახელოსნოშიც დიდხანს ჯდომა არ შემიძლია. ზოგჯერ ბევრს დავდივარ და გვიან მივდივარ სახელოსნოში, ამიტომ გამთენიამდე ვმუშაობ. არ მიყვარს თავის შეზღუდვა. ვთქვათ, შეკვეთაა და დამკვეთს ვეუბნები, რომ მისი ნივთი ამ დღეს მზად იქნება, ამას წყალი არ გაუვა. ამის გამო შეიძლება ღამის გათენება მომიწიოს, იმიტომ რომ მეგობრის დაბადების დღეა და მაინც წავალ. ისე არ ვიზამ, რომ ერთ საქმეს მივაკვდე. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა…

– გაქვთ ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არც გააჩუქებთ?

— მქონდა ნამუშევარი, რომელიც გავყიდე და ძალიან ვნანობ, დღესაც ვერ ვინელებ. ძალიან სასიამოვნო გოგონამ იყიდა და მიხარია, რომ ატარებს, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რადგან დღეს ჩემთან აღარ არის. თავის დროზე ერთი ამბავი ატყდა ამ ნამუშევარზე, ამბობდნენ, რომ ეს მკრეხელობაა, ვის გაუგია ორსული ანგელოზი… მე კი ვთვლი, რომ ყველა ორსული ანგელოზია და ამაში მკრეხელობას ვერ ვხედავ. ეს ანგელოზი რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში. ამიტომ ჩემმა შვილმა დაბადების დღეზე მაჩუქა ჩანთა, რომელზეც დაპრინტული იყო ეს ანგელოზი. ახლა კმაყოფილი ვარ, რომ ჩანთა მაინც მაქვს.

ლილე ფილფანის ნამუშევარი
ლილე ფილფანის ნამუშევარი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— წინასწარ არაფერი არ მაქვს დაგეგმილი. ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად და ექსპრომტად ხდება. ვერ დავგეგმავ ჩემს ცხოვრებას, რადგან ისიც არ ვიცი, ხვალ რომ გავიღვიძებ, რა იქნება. გეგმებს არასოდეს არ ვსახავ, რამდენჯერაც დავგეგმე, იმდენჯერ არ გამომივიდა. ამიტომ მივხვდი, რომ მე გეგმებით ვერ ვიცხოვრებ…

მთავარი თემები