ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტი შეიძლება იუნესკოს ნუსხაში მოხვდეს

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. VIII საუკუნეში ქუთაისი ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება იუნესკოს გადაწყვეტილებას, რომ გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ძირითად ნუსხას დაუბრუნდეს და ამასთან ერთად შეეცდება იუნესკოსგან ქალაქ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის აღიარებას მიაღწიოს.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტრის საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილება 10 ივლისს გამართულ სესიაზე მიიღო.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
იუნესკო გელათის დანგრევას აღარ ელოდება

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო როგორც ბაგრატის, ასევე გელათის ტაძრების მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა.

„დღეს ჩვენ პრაქტიკულად დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს", — განაცხადა პრემიერმა.

გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძართან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების გამო 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა. სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში ჩუქურთმებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. იმ დროს მონასტერში გელათის აკადემია მოქმედებდა, რომლის წევრები ძველბერძნული ფილოსოფიას სწავლობდნენ.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
მცხეთაში იუნესკოს მორატორიუმს და ქალაქის განვითარების გეგმას აპროტესტებენ

XIII საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს შეემატა წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

ქუთაისში ბაგრატის ტაძარი, როგორც ერთიანი ქართული სამეფოს მთავარი ტაძარი, ბაგრატ III-ის დროს აიგო და იკურთხა 1003 წელს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ამ ტაძარში მეფედ იკურთხა დავით აღმაშენებელი.

მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის შესრულების ინსტრუქციის მიხედვით, კულტურული ლანდშაფტები — ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს. ის აჩვენებს ადამიანების თანასაზოგადოების და დასახლებების ევოლუციას.

ყველა ახალი ამბავი
0