მარგველაშვილი: ზურაბ ჟვანია ყოველთვის ქვეყნის ორიენტირი იყო

© AP Photo / Shakh Aivazovზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს დღემდე არ ეთანხმება ჟვანიას გარემოცვის ნაწილი.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსის ქვეყნის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს წარმატებით დღეს განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა.

ევროპარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღით შეძლებენ. რეჟიმი ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

„ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა. ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისთვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე“, — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გოგლა ჟვანია - Sputnik საქართველო
გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეზე ძალიან მალე ველოდები რეალურ შედეგს

სახელმწიფოს მეთაურმა ჟვანიას ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, თავისი მეგობარი და თანამებრძოლი უწოდა.

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ — მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ჟვანიას წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია.

„ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისთვის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჟვანიასა და იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა — გამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა; თუმცა პრემიერის გარდაცვალების ამ მიზეზის დღემდე არ სჯერა ბევრ მის თანამოაზრეს, რომლებიც მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.

ყველა ახალი ამბავი
0