11:39 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

კომპანია „საქნახშირი“ თანამშრომლებს მათი მოთხოვნების საკონსულტაციო საბჭოზე განხილვას დაპირდა. მეშახტეების გაფიცვა 11 დღეს გაგრძელდა.

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ტყიბულში - მინდელისა და ძიძიგურის მაღაროებში - ქვანახშირის მოპოვება განახლდა. მაღაროელებმა გაფიცვა მე-11 დღეს შეწყვიტეს. ნათქვამია კომპანია „საქნახშირის“ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ქვანახშირის მოპოვება 3 ივლისიდან იყო შეჩერებული - მაღაროს 400 თანამშრომელი ითხოვდა ხელფასების 300 ლარით მომატებას და ეწინააღმდეგებოდა ბონუსების სისტემას, რომლითაც, მათი თქმით, ხელფასის დანამატი 30-40 ლარს არ აღემატებოდა. სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ მათ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ.

„საქნახშირში“ სამუშაო პროცესი სრულად აღდგა. ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ“, - აღნიშნეს კომპანიაში.

გაფიცვა წამოიწყეს მაღაროს თანამშრომლებმა, რომლებიც არ მოიპოვებენ ქვანახშირს, მაგრამ გამოაქვთ ის შახტიდან. ამის გამო ორივე მაღარო პარალიზებული იყო და ქვანახშირის მოპოვებას აზრი არ ჰქონდა, ვიდრე მისი გამოტანის საკითხი არ გადაწყდებოდა.

როგორც ადრე მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის თანამშრომელთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ Sputnik-საქართველოს განუცხადა, ის მეშახტეები, რომლებიც უშუალოდ მიწის ქვეშ ქვანახშირის მოპოვებაზე მუშაობენ, არ ითხოვენ ხელფასების მომატებას, რადგან მათი ანაზღაურება ორჯერ მეტია, ვიდრე გაფიცულების.

გაფიცულების ხელფასი 450-800 ლარია, ქვანახშირის მომპოვებელი მეშახტეებისა კი - საშუალოდ 1300 ლარი.

ბოლოს „საქნახშირმა“ თანამშრომლებს ხელფასები შარშან 20-30%-ით გაუზარდა. დოლაბერიძის თქმით, ახლა კომპანიას არა აქვს დარჩენილი თანხა, რადგან წარმოების სიმძლავრე შემცირებულია. ადმინისტრაცია საკითხის გადახედვას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ქვანახშირის მოპოვება თვეში 30 ათას ტონას მიაღწევს. ამჟამად მოპოვება 20-22 ათასი ტონაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან მოქმედებს ბონუსების სისტემა, რომლის წყალობითაც მეშახტეები დაახლოებით 300-ლარიან დანამატს იღებენ.

მაღაროს თანამშრომლები უარს ამბობენ ბონუსების სისტემაზე და ფიქსირებული ხელფასის მომატებას ითხოვენ.

ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.

კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.

 

 

მთავარი თემები