თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. 2021 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ბანკნოტები მათი წინამორბედი კუპიურების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით არის დამზადებული, თუმცა ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად იქნება მიმოქცევაში.
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
ლარის განახლებული ბანკნოტები წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად არის მიმოქცევაში.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ 4.661,4 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის ბანკნოტები 4.526,6 მლნ ლარის იყო. რაც შეეხება 2016 წლამდე ემისიის ბანკნოტების ახალი ბანკნოტებით ჩანაცვლებას, გასული წლის ბოლოსათვის განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 86,5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 20-ლარიანი - 93,4 პროცენტს.