23:13 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1104)
194 0 0

ათმა ბიზნეს–ასოციაციამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე  ერთობლივი მიმართვა გაავრცელა, სადაც მთავრობისგან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების აუცილებლობაზეა საუბარი

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ბიზნეს–ასოციაციები მთავრობისგან „კომენდანტის საათის“ გადაწევას, შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას, 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნას და სარესტორნო ბიზნესისთვის დახურულ სივრცეებშიც მუშაობის უფლებას ითხოვენ.

დღეს ათმა ბიზნეს–ასოციაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ერთობლივი შვიდპუნქტიანი მიმართვა „თბილისი ცენტრალში" გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

„ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამიანი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი”, - ნათქვამია მიმართვაში.

შექმნილ ვითარებაში ბიზნესს აუცილებლად მიაჩნია:

  1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს–სექტორს.
  2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს–სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.
  3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.
  4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.
  5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტობრივად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.
  6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.
  7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს–კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.

მიმართვას ხელს აწერენ „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია”, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია”, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია”, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია “, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია” და „საქართველოს სასტუმროების ფედერაცია“.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაოებენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. 1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1104)

მთავარი თემები