თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. დღეს სარესტორნო ღია სივრცეების გახსნის პირველი დღეა და იმედი გვაქვს, ეს არ გააუარესებს ეპიდვითარებას, რათა შემდგომში ვიფიქროთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ხვალიდან რესტორნები ღია სივრცეებში იხსნება: რა პრობლემების წინაშე დგას ბიზნესი>>
საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნა. ისინი სტუმრების მიღებას მაქსიმუმ 21:00 საათამდე და მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ, ამას გარდა, შაბათ-კვირას ვერ იმუშავებენ.
„იმედი მაქვს, რომ ეს გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას და იქნება კარგი საწინდარი იმისა, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად, ვითარებაზე დაკვირვებით ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. რასაკვირველია, ამას დასჭირდება მოსამზადებელი პერიოდი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ის პირადად აპირებს შეხვდეს რესტორნების გაერთიანებებს, რათა იმსჯელონ შიდა სივრცეების გახსნაზე. მისივე განმარტებით, შეხვედრებში აქტიურად ჩართვება შრომის ინსპექცია და ბიზნეს-ომბუდსმენი.
აღსანიშნავია, რომ იმ რესტორნებს, რომელსაც საკუთარი ვერანდა ან ღია სივრცე არ გააჩნია, თბილისის მერიამ მათი დაწესებულების მიმდებარე ტროტუარებით სარგებლობა შესთავაზა.
1 თებერვლიდან ღია რესტორნები და კაფეები მხოლოდ აჭარის რეგიონში მუშაობდა. რაც შეეხება რეგულაციებს, კაფეებისა და რესტორნების მფლობელებმა ყველა აუცილებელი წესი უნდა დაიცვან, მათ შორის, სიცხის გაზომვა, ხელების დამუშავება, ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვერსია. პერიოდულად მოხდება თანამშრომლების ტესტირება კორონავირუსზე.