200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა კატეგორია გაიზარდა

© photo: Sputnikბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
შემოსავლების სამსახურში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ პირთა განაცხადების წარდგენა გრძელდება.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა კატეგორია გაიზარდა, ხელისუფლებამ დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პირი 2020 წელს დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ გამოიწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას. 

მუშები ვახუშტის ხიდის ქვეშ კლიენტების მოლოდინში - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია 106 ათასმა ადამიანმა მიიღო

ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებზეც ვერ განხორციელდა განაცხადების წარდგენა იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან დამქირავებლის გარდაცვალების გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია მიმართოს განცხადებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

განაცხადების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო. ყოველთვიური დახმარების მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს, რომლის გაცემაც ექვსი თვის მანძილზე მოხდება. 

შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე>>>

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა აღნიშნულ ვადაში ყოველთვიურად უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge.

დღევანდელი მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში განხილვის ეტაპზე მყოფი 11,9 ათასი განაცხადია რეგისტრირებული.

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტში მყოფ მოქალაქეებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში შეზღუდვების მოქმედების დროს ერთი ან მეტი თვის განმავლობაში ოფიციალური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება, თუ 2021 წლის მარტის შემდეგ მიმღების ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია 106 ათასზე მეტმა პირმა მიიღო.

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეთა დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0