ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

გამოწერა
რითი დაგვამახსოვრა თავი 2020 წელმა და რა იქნება 2021 წლის მთავარი გამოწვევა – „Sputnik-საქართველოსთან“ ეკონომისტი ნიკა შენგელია საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით 2020 წელს?

- 2020-მა თავი, პირველ რიგში, ლარის კურსის მერყეობით დაგვამახსოვრა. ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად დაიწყო. თუ მარტის დასაწყისში 1 დოლარის შეძენა 2,80 ლარად შეიძლებოდა, ორ კვირაში ლარმა 3,0-იან ნიშნულს გადააბიჯა. უკვე 27 მარტს კი ლარის ანტირეკორდი დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი 3,48 ნიშნულამდე მივიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ამით მარეგულირებელმა ლარის კურსი წლის ბოლოსათვის 2.25–2.30 ფარგლებში შეინარჩუნა. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ქართული ლარი აშშ დოლარის მიმართ 14%-ით გაუფასურდა.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: 2021 წელი ახალი კრიპტომილიონერებით არაერთხელ გაგვაკვირვებს

მთავრობამ შექმნილ კრიზისთან გასამკლავებლად დონორებისაგან 1,5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აიღო, რომელსაც ძირითადად ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად იყენებს. ვალუტა ეროვნული ბანკის რეზერვებშია აკუმულირებული. სავალუტო ბაზარზე გაყიდული დოლარებისგან მიღებული ლარები კი სახელმწიფო ბიუჯეტს მიეწოდებოდა.

ეროვნული ბანკის რეზერვები წლის ბოლოსათვის 3,75 მლრდ დოლარამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისი რესურსი ლარის კურსის მნიშვნელოვან დევალვაციასთან გასამკლავებლად.

ქვეყანა 2020 წლის ბოლოს ვალების მხრივ შემდეგი მაჩვენებლებით შეხვდა: 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თუ საქართველის შიდა და გარე ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 41%-ს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 56%-ს მიუახლოვდა და 8,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან სამთავრობო სექტორზე მოდის 6,7 მილიარდი დოლარი, ხოლო დანარჩენი ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით შემცირდა.

რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
2020 წელი ეს იყო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობა და აღშფოთებული ბიზნესი

2020 წელს შემცირდა საგარეო ვაჭრობაც. იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით არის შემცირებული. აქედან ექსპორტის მოცულობა შეგვიმცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის – 15,9%-ით.

რაც შეეხება ინფლაციას, აქ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბრის მდგომარეობით 3,8%-ია, რაც თარგეთირებულთან მიახლოებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები დაიწევს.

პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა დასაქმების ბაზარიც. უმუშევრობასთან ერთად 2020 წელს გაკოტრებული კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა.

2020 წელმა ზემოაღნიშნულთან ერთად თავი ასევე დაგვამახსოვრა ე.წ. „ლოკდაუნებით“ და შეზღუდვებით. ეპიდემიის გამო ქვეყანა დიდი გამოწვევების წინშე დადგა. მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები კი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის საკითხებში არცთუ ისეთი ეფექტური აღმოჩნდა – გაიზარდა ფასები საკვებ პროდუქტებზე. ყველამ, ვინც სამსახური დაკარგა, ვერ მიიღო 200-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე და ა.შ. 

სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
როგორ  ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში - ენდოკრინოლოგის რჩევები

სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალის მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით გამოქვეყნებული სხვადასხვა პროექტები – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დახმარების მოცულობის გაზრდა 600 მილიონ ლარამდე, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელშიც 2020 წელს 330 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიუჯეტით წარდგა. მაგრამ სამწუხაროა, რომ აღნიშნული წამოწყება 2021 წელს მხოლოდ 50 მილიონიანი ბიუჯეტით ფინანსდება. ასევე აღსანიშნავია კომპანიების მხრიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების შემოღებაც.

ყველა ეს წამოწყება მისასალმებელია, თუმცა მეორე საკითხია – როგორ გაართმევენ ყველაფერ ამას პრაქტიკულად თავს. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს კი უახლოეს 2-3 წელიწადში დავინახავთ.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ვის და რატომ სთავაზობენ კომერციული ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას

- როგორი იქნება 2021 თქვენი პროგნოზით?

- 2021 წელს ისევ გამოწვევად დარჩება მაღალი ფასები, ლარის კურსი, უმუშევრობა და ნეპოტიზმი.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან, გაგრძელდება ე.წ. „ლოკდაუნები“ და წერტილოვანი შეზღუდვები.

მარტის თვეში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირებულ სამიზნე მაჩვენებლამდე მიახლოებას (3%). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქტებსა და მომსახურებაზე დაიკლებს.

მომავალ წელს ასევე მოიმატებს ფასები კომუნალურ გადასახადებზე. ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას კი პირველ და მეორე კვარტალში არ ველოდებით. საწვავზე პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდება მაღალი ფასები. ვფიქრობთ, რომ 2021 წლის ზაფხულში ასევე ვერ შედგება ტურისტული სეზონი. ჩვენი პროგნოზებით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში გვექნება.

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0