რითია განპირობებული ძირითად კრიპტოვალუტებზე (BTC, ETH, LTC...) მოთხოვნის ზრდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე და რა ტენდენციებია დღეს ამ ბაზარზე? „Sputnik-საქართველოსთან“ კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრე სუდაძე საუბრობს.
- როგორ იქმნება ბიტკოინის ფასი?
- მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც ყველა ფიქრობს, რომ ეკონომიკა საშინელ რეცესიაშია, ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებში, როგორიცაა კრიპტოვალუტები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სანატრელი გაზაფხული“ დადგა და აქამდე არნახული ტემპებით იზრდება ძირითადი კრიპტოვალუტების ფასები, განსაკუთრებით, პირველი კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი, რომელმაც 3 იანვარს $34000-ს გადააჭარბა, მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ ღირდა $5500.
სანამ განვიხილავთ რა არის ფასის ასეთი ზრდის მიზეზი, მოკლედ მინდა განვმარტო, რა სახის ფინანსურ აქტივებთან გვაქვს საქმე და, საერთოდ, რატომ ირწმუნა კაცობრიობის მოწინავე ფენამ ამ ტექნოლოგიის.
2008 წელს მოხდა უდიდესი ფინანსური კრიზისი და ფიატული ვალუტები (სახელმწიფო ვალუტები) ერთი მეორეს მიყოლებით იმდენად სწრაფად გაუფასურდა, რომ რამდენიმე სახელმწიფო, მაგალითად, საბერძნეთი, ვენესუელა, ბანკროტად გამოცხადების რისკის წინაშეც კი აღმოჩნდა. ზუსტად იმ დროს ვინმე „სატოში ნაკამოტომ“ გამოაქვეყნა ლეგენდარული Bitcoin-ის ეკონომიკური მოდელის აღწერა, რომელსაც ძალიან საინტერესო სახელი დაერქვა – Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System.
ამ დოკუმენტში ფუნდამენტურად იყო აღწერილი, თუ როგორ მუშაობს ახალი ეკონომიკა, რა საშუალებები არსებობს ახალი ფულის შესაქმნელად და, რაც მთავარია, ეწერა, თუ რა განაპირობებს ფულის ნდობას და მის შემდგომ პოპულარობას. მართალია, ეს ინფორმაცია თავისუფალი წვდომის არეალში იყო, მაგრამ მას დიდად არავინ აქცევდა ყურადღებას, სანამ 2009 წლის 3 იანვარს, პირველად მსოფლიოს ისტორიაში, არ მოხდა პირველი (ე.წ. genesis) ტრანზაქცია, ანუ დეცენტრალიზებულ სისტემაში, ე.წ. ბლოკჩეინში არ მოხდა პირველი ბიტკოინების გადარიცხვა ერთი საფულის მისამართიდან მეორეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ერთმა პიროვნებამ მეორეს გადაურიცხა ფული ისე, რომ ამას არ დასჭირდა არც ერთი ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტის ჩარევა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რამაც მიიქცია არა მარტო ტექნიკოსების, არამედ ფინანსისტებისა და იურისტების ყურადღებაც. ასე გაჩნდა ჩვენს სამყაროში პირველი დეცენტრალიზებული და ძალიან მაღალი უსაფრთხოების დონის ფული, რომელიც არც ერთი სახლმწიფოს მიერ არ იყო წარმოებული. გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლამდე არ არსებობდა ადგილი, სადაც შეიძლებოდა Bitcoin-ის გადაცვლა სხვა ფიატურ ვალუტებში, ანუ გაყიდვა, შესაბამისად, მისი მსყიდველობითი უნარიც არ იყო დადგენილი. მაგრამ როგორც კი გამოჩნდა ე.წ. კრიპტობირჟები, მაშინათვე მოხდა ბიტკოინის კვოტირება და მაშინდელი კურსით 100 ბიტკოინის ყიდვა შესაძლებელი იყო 1 აშშ დოლარად.
გადიოდა წლები, ვითარდებოდა სამყარო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ბიტკოინს და მის მსგავს ალტკოინებს, რომელთა წარმოებაც 2012 წლიდან აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა პროექტებმაც. 2017 წლიდან ბიტკოინის ფასმა დოლარის მიმართ ისე სწრაფად მოიმატა, რომ ბევრი მედიასაშუალების და სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია, რამაც უფრო მეტად დააინტერესა ახალი ფინანსური სამყარო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიტკოინი დაცულია ისეთი არასასიამოვნო თვისებისგან, როგორიცაა ინფლაცია, ეს თვისება ჩადებულია მაინინიგის, ანუ კრიპტოვალუტის მოპოვების პრინციპში, რაც განაპირობებს მის მიმართ ნდობის ზრდას და პოპულარიზაციას. გადიოდა წლები, ვითარდებოდენ კრიპტოპლატფორმები და დღეს უკვე ასობით კროპტობირჟა შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში, რომლებიც უამრავი რაოდენობის სხვადასხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობენ.
რომ დავუბრუნდეთ ფასის ცვლილებების თემას და შევხედოთ ანალიტიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი პროდუქცია თუ მომსახურება ფასში იზრდება მაშინ, როდესაც იზრდება მოთხოვნა, ხოლო მიწოდება ან იკლებს, ან ვერ ეწევა მოთხოვნას. შესაბამისად, ფულიც რიგ შემთხვევებში შეიძლება განხილული იქნას როგორც საქონელი, რაზეც იგივე საბაზრო კანონი მოქმედებს – დეფიციტის დროს მასზე ფასი იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტით, კერძოდ, ბიტკოინით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების შესრულება, ანუ არ ექვემდებარება არც ერთი ბანკის რეგულაციებს, მასზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი მოპოვება უკვე დროში განსაზღვრულია. დღეში 900 ბიტკოინზე მეტი ვერანაირად ვერ იწარმოება მსოფლიოში და ყოველ 4 წელიწადში მისი მოპოვება ნახევრდება. ამას ემატება რაოდენობის ლიმიტი, რომელიც 21 მილიონი ცალით არის შემოფარგლული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 18,5 მილიონი ბიტკოინი უკვე მოპოვებულია, ხოლო დარჩენილი 2,5 მილიონი ბიტკოინის გამოთვლა-მოპოვებას კიდევ 120 წელი დასჭირდება, ადვილი მისახვედრია, თუ რა დიდი მოთხოვნა იქნება მომავალში.
- რას უნდა ველოდოთ მომავალში?
- თუ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის ფასების ცვლილებას, აშკარა სურათია გამოკვეთილი, თუ რამდენად სწრაფად იზრდება მოთხოვნა კრიპოტვალუტებზე და რა სწრაფად იზრდება ფასები. თუმცა, მე ვფიქრობ, ერთ-ორ თვეში ისევ მოხდება ფასების კორექტირება და შეიძლება 10-15%-იანი ვარდნაც დავინახოთ. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში გარდაუვალია ბიტკოინის ისეთ ფასზე გასწორება, როგორიცაა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ერთი ბიტკოინის სანაცვლოდ. თუმცა ამ მოსაზრებას სკეპტიკოსებიც ჰყავს და ისინი ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის შეზღუდვა თუ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, რიგ შემთხვევაში მასზე მოთხოვნა შემცირდება და ფასიც შესაბამისად ისე სწრაფად არ აიწევს. თუმცა ასეთები ერთეულები არიან. ყოველ შემთხევაში აღმავლობა დაიწყო, ბევრი ახალი და საინტერესო მოვლენა კიდევ წინ გველოდება, 2021 წელი არაერთხელ გაგვაკვირვებს ახალი კრიპტომილიონერების გამოჩენით და ბევრი საინტერესო პროექტის ანონსირებით.
- კრიპტოთაღლითებზე რას იტყვით? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვატყუებენ?
- თაღლითები, რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც მრავლად არიან და მათ სულაც არ აინტერესებთ, როგორ იშოვიან ფულს და რით მოატყუებენ მოსახლეობას, დაწყებული ე.წ. „მაღალშემოსავლიანი“ სავაჭრო რობოტების მიყიდვა/მიქირავებით, დამთავრებული კრიპტო-ფინანსური-პირამიდებით და ვითომ უფასო ფინანსური კონსულტაციებით, რაც გარკვეულწილად ნდობას აკარგვინებს კრიპტოვალუტებს ფართო მასებში. ბევრ მოტყუებულ ადამიანს, რომელიც ბოლომდე ვერ გაერკვა, როგორ წაართვეს მისი უკანასკნელი სახსრები, არ სურს საერთოდ კრიპტოვალუტის ხსენება და იმის გაგება, რომ ის უბრალოდ მოატყუეს მისივე უცოდინრობის გამო. ამიტომ ყველას ვურჩევ, არ ჩაერთონ ისეთ საეჭვო პროექტებში, სადაც ე.წ. მოწვევის საფუძველზე გპირდებიან სოლიდურ თანხებს – თქვენი ფულის ინვესტიციის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში ან მალევე ქრებიან, ან თქვენ გაგხდიან იძულებულს თქვენი ახლობლები მოიწვიოთ, რომ მათ მიერ გაკეთებული შენატანით თქვენთვის დაპირებული მოგების ნაწილით მაინც დაგაკმაყოფილონ. სასურველია დამოუკიდებელ ექსპერტებს ან ახლობლებს ჰკითხოთ, ვინც შედარებით უფრო გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში და მხოლოდ მაშინ მიიღოთ გადაწყვეტილება რომელიმე პროექტში ე.წ. „შესვლაზე“. ერთადერთი, რაც ზუსტად შემიძლია გირჩიოთ, შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ცნობილი კრიპტოვალუტები და მყარად შეინახეთ პირად საფულეებში, ისიც მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც თქვენს არსებობას არ შეუქმნის კრიტიკულ საფრთხეს.
ნატა პატარაია