03:00 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)
130 0 0

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი პარამეტრების ფარგლებში ბენზინის ხარისხობრივი მოთხოვნები 2017 წლიდან ევრო 5-ის სტანდარტს შეესაბამება.

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ბენზინის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება. „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შევიდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას.

„ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბენზინის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და გარემოსდაცვითი პარამეტრების ფარგლებში ის 2017 წლიდან ევრო 5-ის სტანდარტს შეესაბამება.

ამასთან, საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში.

„2016 წლიდან, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს საავტომობილო საწვავის, მათ შორის, ბენზინის ხარისხის მონიტორინგს. 2020 წელს ორ ეტაპად 252 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა 301 ბენზინის სინჯი და განისაზღვრა ტყვიის, გოგირდის და ოქტანური რიცხვის მახასიათებლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთეულ შემთხვევებში ოქტანური რიცხვის ნორმის დარღვევის გარდა, სხვა ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით, სანქციები მკაცრდება უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარიმების გაზრდას, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებასაც.

უხარისხო ბენზინისთვის ციხე – საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი მკაცრდება >>

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი: „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს“.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)

მთავარი თემები