სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ივენთ კომპანიების განაცხადების მიღებას იწყებს

გამოწერა
ივენთ კომპანიები სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ადრეც იყვნენ ჩართული, ახლა სახელმწიფო მათი ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებასაც მოახდენს, ვინაიდან ამ კომპანიებს გარკვეული ინვენტარი აქვთ ლიზინგით შეძენილი.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ ფარგლებში 4 დეკემბრიდან განაცხადების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ>>

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

ივენთ კომპანიების გარდა ლიზინგის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნო ბიზნესსაც ეხება.

„პროგრამის მიზანია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას აფართოებს

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების დასაფარად.

კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში.

პროგრამაში ჩართვის მსურველი მიმართვის წარდგენის მომენტისთვის უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი და საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვეოდეს, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების /შეკრებების /გამოფენების /კინოთეატრებში, კინო კლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/წვეულებების ორგანიზებას; აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე.

მზესუმზირის პლანტაცია - Sputnik საქართველო
ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად: რა ცვლილებები შევიდა „აწარმოე საქართველოში“

კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან კი  გაფორმებული უნდა ჰქონდეს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდა, მათ შორის, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობა, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), სასწავლო დაწესებულებები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0