20:05 14 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (431)
60 0 0

მომავალ წელს გაგრძელდება ჯვრის უღელტეხილზე მიმდინარე გზისა და გვირაბის მშენებლობა, რისთვისაც 80 მლნ ლარია გათვალისწინებული.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოში გზებზე 1,5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, საიდანაც აღმოსავლეთი–დასავლეთის გზატკეცილის რეკონსტრუქციას, საერთაშორისო ბანკების ხელშეწყობით, 460 მილიონი ლარი მოხმარდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

მომავალ წელს სამუშაოების გაგრძელება გზატკეცილის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე იგეგმება. ყველაზე მეტი თანხა – 150 მლნ ლარი უბისა–შორაპნის მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფს.

ამას გარდა, ჯვრის უღელტეხილზე გაგრძელდება მნიშვნელოვანი პროექტი.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე გაგრძელდება გზისა და გვირაბის მშენებლობა. ბიუჯეტში ამისთვის 80 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც ნახევარზე მეტ თანხას საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და აზიის განვითარების ბანკისგან მიიღებს.

გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის საინვესტიციო ბანკის ხელშეწყობით გაგრძელდება ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა. ამ პროექტისთვის 80 მლნ ლარია გამოყოფილი.

ასევე იგეგმება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ხაზის მშენებლობა, რომელიც 15 მლნ ლარი დაჯდება.

დაგეგმილ პროექტებს შორისაა ასევე ბაღდათი–აბასთუმნის გზის რემონტი და იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი საჩხერე–ონის გზის რემონტი და მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, კორონავირუსთან ბრძოლის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებთან ერთად, საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტია.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (431)

მთავარი თემები