10:39 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
5110

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია ბიზნესისთვის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად გაზაფხულზე შემოღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, უნდა გაგრძელდეს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის განცხადებაში.

მთავრობის მიერ შემუშავებულ ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტში შემავალი საგადასახადო შეღავათების თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში დამქირავებელს შეეძლო ესარგებლა საგადასახადო შეღავათით, თუ დაქირავებულისთვის გადასახდელი თანხა 1500 ლარს არ აღემატებოდა. ხოლო ტურიზმის ინდუსტრიას მარტში, აპრილსა და მაისში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2021 წლის 1 დეკემბრამდე არ უწევდა.

ასოციაციის განცხადებით, ამ საგადასახადო შეღავათებმა პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებზე, რადგანაც ამან საშუალება მისცა ბიზნესს, სახელმწიფოს მიერ დატოვებული რესურსების ხარჯზე შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. თუმცა იმ პერიოდში შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდა ბიზნეს–ოპერატორების წინაშე შემოდგომაზე, ანუ პანდემიის მეორე ტალღის დროს წამოჭრილ ახალ სირთულეებს. ახლა ბიზნეს–ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ.

„დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა სიტუაციის შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს, ასევე, ზოგადად, საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია, ასეულობით ბიზნეს-კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ითხოვს საქართველოს მთავრობისგან და ახლადარჩეულ პარლამენტისგან, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ ექვსი თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე. ასევე ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც, ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვინაიდან შეღავათების დაწესებას საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა სჭირდება, რაც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა შეძლო. მაგრამ პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ერთმანეთის მიყოლებით უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატზე. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიური ვითარება ძალიან გაუარესდა. ინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 3 ათასს უახლოვდება.

ეპიდემიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, მთავრობა მოერიდა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები შემოიღო.

 

მთავარი თემები