10:14 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (830)
42 0 0

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები გამოეხმაურნენ.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონული ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაზე საუბრისას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და, მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით.

„5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა: საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება>>

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სავალუტო ფონდი მოელის, რომ საქართველო გააგრძელებს სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად გვექნება ეკონომიკური ზრდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყანას ფისკალური სექტორის მდგრადობის შენარჩუნების საშუალება მისცა.

„ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციებისა და დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც, მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რაც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით.

„ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)

მთავარი თემები