23:29 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (848)
6910

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საგარეო ბრუნვამ 2019 წელს 77,8 მლნ დოლარი შეადგინა, მაგრამ ქვეყნებს შორის აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი არსებობს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველო და კორეის რესპუბლიკა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას გეგმავენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გადაწყვეტილება წინასწარი კონსულტაციების მსვლელობისას მიიღეს, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

კონსულტაციები ასევე შეეხო მოლაპარაკებების პროცესს თავისუფალ ვაჭრობაზე და საპროცედურო ნაწილზე. კორეის კანონმდებლობით, ასეთი კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამავე დროს არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც, მხარეების აზრით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში მეტად იქნება გამოყენებული.

კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საგარეო ბრუნვამ 2019 წელს 77,8 მლნ დოლარი შეადგინა. კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში 2019 წელს 16,6 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2018 წლის მონაცემზე 25,3%-ით მეტია.

ვისთან ვაჭრობს საქართველო თავისუფალ რეჟიმში

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის - EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. საქართველომ, Brexit-ის ამოქმედებამდე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა დიდ ბრიტანეთთან.

მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთან. აქტიურად განიხილება იაპონიასთან და აშშ-თან მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერის შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს>>

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შარშან საქართველოს წმინდა ექსპორტის 87% მოდიოდა ქვეყნებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (848)

მთავარი თემები