ლევან დავითაშვილი: „სამწუხაროა რომ რთველი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენეს...“

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში რთველის მიმდინარეობისას ფერმერები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. წელს რთველზე რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კახეთში რთველის მიმდინარეობისას ფერმერები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მევენახეებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს და „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს. ფერმერების თქმით, ქარხნები მათ ყურძენს შაქრის დაბალი შემცველობის გამო არ იბარებენ, ამ დროს კი ყურძენი ვაზზე ხმება და წონას კარგავს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1,5 ლარი კილოგრამზე, რომელსაც მეწარმეები იხდიან, მათთვის მიუღებელია.

რთველი - Sputnik საქართველო
საქართველოში რთველი-2020 რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა

მინისტრის განმარტებით, საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე - რქაწითელზე - 80 თეთრით განისაზღვრა. ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიებზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა.

„აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ „რქაწითელის“ ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თხილი - Sputnik საქართველო
საქართველოდან 41 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

„ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რაც შეეხება „საფერავს“, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული 1 კგ-ის ფასი 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა. ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი.

„რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ვაშლი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

მინისტრმა აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი.

„ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია „ტვიშის“, „ცოლიკაურის“, „ოჯალეშისა“ და „უსახელაურის“ შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე - ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი - წელს გადამუშავდა 2400 ტონა „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული, აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0