თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 8,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით.
აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 4,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 5,5%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,1%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 34,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,2%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 13,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 1,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,4%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,3%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.
გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.