ბიზნეს-ასოციაცია: ლარის გამყარების დინამიკა საწვავზე ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწვავის ფასის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს: საზოგადოების მოლოდინი, რომ არ გაძვირდეს საწვავი, და ნავთობკომპანიების სურვილი – საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც საწვავის ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ.

სექტემბრის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 8,5%-ით გაუფასურდა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა ექვსი თვის განმავლობაში 15 აუქციონი ჩაატარა, რა დროსაც 400 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. 

გაზის საკომპრესორო სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD-სგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

„ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობ–სექტორისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის. ყველასთვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს, შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე“, – აღნიშნა მიშველაძემ. 

საქართველოში ბოლო ორ თვეში ბენზინი და დიზელი საშუალოდ 40-50 თეთრით გაძვირდა. ამავე დროს მომატებულია მოთხოვნა ავტომობილის საწვავზე – 2020 წლის დასაწყისიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით გაიზარდა.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმის – 2,02-2,27 ლარი; ევრო რეგულარის – 1,89-2,17 ლარი; ევროდიზელის – 2,04-2,29 ლარი.

შავლეგ მიშველაძის თქმით, საწვავის ფასის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს: საზოგადოების მოლოდინი, რომ არ გაძვირდეს საწვავი, და ნავთობკომპანიების სურვილი – საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისთვის.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”, – განაცხადა მიშველაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2059 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0