21:42 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
148 0 0

დევალვირებული ლარი და გაკოტრებული ბიზნესი – აი, რას მიიღებს ქვეყანა, თუ არ მოხდა ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება, თვლის ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია.

ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 3,45 ნიშნულამდე იყო მისული. თუმცა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით შეძლო ლარის გამყარება 40 თეთრით.

ბოლო თვეებში ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მარეგულირებელს არაერთი სავალუტო აუქციონი აქვს გამართული და 410 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ბაზრისთვის მიწოდებული, თუმცა ეროვნული ვალუტა რყევას მაინც განაგრძობს.

მაგალითად, თუ 1 სექტემბერს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,06 ნიშნულზე იყო, დღეს 1 დოლარის შეძენას კომერციულ ბანკებში უკვე 3.36 ლარი სჭირდება.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი 23 სექტემბერსაც გაყიდა. თუმცა ამ ინტერვენციას ლარის კურზე გავლენა გამყარების თვალსაზრისით არ მოუხდენია.

40-მილიონიანი ინტერვენცია ბაზარმა ისე შეისრუტა, რომ ამან არათუ გაამყარა ლარი, არამედ მისი გაუფასურების შეჩერებაც ვერ შეძლო, მიაჩნია ეკონომისტ ნიკა შენგელიას.

„ჩვენ სამი თვის წინ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ლარის კურსი სექტემბრის ბოლომდე 3.20-3,25 მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა, თუმცა დღეს უკვე ცალსახაა, რომ 3,25 ნიშნულის დონე ლარის კურსმა გაარღვია ზედა მიმართულებით. მოკლევადიან პერსპექტივაში თუ რეგულატორმა ინტერვენციის მოცულობას არ მოუმატა, ლარის კურსს 3,25 ნიშნულის დაბლა ჩამოსვლა გაუჭირდება და 3,30 ნიშნულთან იტრიალებს“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ეკონომისტის თქმით, იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და კურსი არ იყოს მერყევი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირეული ცვილილებაა აუცილებელი.

„დღეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გადამყიდველებსა და მსხვილ საბანკო სექტორზეა მორგებული, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კი აუცილებელია განახევრდეს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღეს 8 პროცენტია, და დავიდეს 3-4 პროცენტამდე. ეს გაზრდის ბიზნესისთვის ფულზე ხელმისაწვდომობას და მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას“, – განაცხადა ექსპერტმა.

ნიკა შენგელიას თქმით, სპეციალისტები უკვე წლებია აკრიტიკებენ მთავრობის ეკონომიკის იმ კურსსაც, რომელიც ეკონომიკაში მხოლოდ ტურიზმის სექტორის განვითარებას ემყარება.

„ის, რომ ლარის კურსი ჩამოკიდებული იყო წლების მანძილზე ტურიზმსა და ემიგრანტების შრომაზე, ეს იყო შეცდომა. სახელმწიფომ ტურიზმი ჯერ კიდევ წინა მთავრობის პირობებში აქცია პრიორიტეტად და ამჟამინდელმაც გააგრძელა. შედეგები, თუ რა მოგვიტანმა ასეთმა ეკონომიკურმა კურსმა, დავინახეთ“, – აღნიშნა შენგელიამ.

ლარის კურსის სამომავლო პროგნოზზე საუბრისას ნიკა შენგელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა რომ, იმ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან, რომელზეც არის დამოკიდებული ლარის სტაბილურობა, ნაწილში უკვე არის ჩავარდნა და თუ დროულად არ მოხდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ცვლილება, საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობა უფრო მეტად დევალვირებულ ლარს და ბევრ გაკოტრებულ ბიზნესს მიიღებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით კი პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 3 931 898 ათასი დოლარია. წლის ბოლომდე კი მარეგულირებელს ლარის სტაბილიზაციის მიზნით მილიონების გაყიდვა კიდევ არაერთხელ მოუწევს.

 

ნატა პატარაია

მთავარი თემები