13:36 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ლარის კურსის დაცემა (35)
875 0 0

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის გაყიდვას. დღეს გამართულ მორიგ აუქციონზე მან ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზებისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ნახევარ წელიწადში უკვე 400 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა.

„ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი... პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა“, – დაწერა კობა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

გვენეტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ კი კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

„პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის აზრით, ისეთი სულისკვეთების განცხადებები, როგორიცაა „ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს.

„ამიტომ სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პანდემია სერიოზულად აისახა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის კურსზე, რომელიც ანტირეკორდებს ამყარებს, ჯერ ნავთობის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აისახა.

40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

თემები:
ლარის კურსის დაცემა (35)

მთავარი თემები