04:20 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
629 0 0

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ის ისევ 8,0%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რიმ 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში. მაგრამ მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

გიორგი კეპულაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარში სესხებს უფრო მეტად გააიაფებდა, რასაც ბიზნესის და მომხმარებლების უფრო მეტი დაკრედიტება მოჰყვებიოდა.

„განაკვეთის შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ პირობებშიც, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, მით უმეტეს  წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე ინფლაცია წლის ბოლომდე დარჩება, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და კლებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას, გიორგი კეპულაძის აზრით, ეს COVID-19-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება მივაწეროთ.

„...რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

„საზოგადოება და ბანკებმის“ ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185,408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 6058,88 მილიონიდან 6466,80 მილიონ ლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, 120 300 ხელშეკრულებიდან 34 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865,9 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 13,24% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 აგვისტოს მონაცემებით, 46 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2060,9 მილიონი ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც, წინა პერიოდთან შედარებით, 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302,1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129,7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,61%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2172,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,96%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები. 1 აგვისტოს მონაცემებით, სულ 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,18%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87,15 მილიონი ლარია.

1 აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14,23%-დან 14,12%-მდე.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ნატა პატარაია

 

მთავარი თემები