11:20 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (746)
78 0 0

პანდემიის გამო მთელი სასტუმრო სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად კორონავირუსმა ოჯახური ტიპის პატარა სასტუმროებს „დაარტყა“. სწორედ მათი მფლობელები გამოვიდნენ ქუჩაში ქობულეთში.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში სასტუმროს მფლობელებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს – ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აქციის მონაწილეებმა ჯერ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საბანკო ვალების ერთი წლით გადავადება, ასევე სახელმწიფოს ხარჯზე პროცენტის სრული სუბსიდირება. სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა და ისინი ბანკებისთვის გადახდას ვერ შეძლებენ.

ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა და მათ საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არა.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი არ ეხება პროცენტის სრულ სუბსიდირებას და თანხის გადავადებას. გვითხრა, რომ ჩვენი დახმარება შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, თუმცა დაფინანსება შერჩევით მოხდება. ჩვენი მოთხოვნაა დაფინანსება შეეხოს ყველა კატეგორიას, განურჩევლად თანხის გამოტანის მიზნობრიობისა“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ასევე შეხვდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. შეხვედრა ხმაურიანი და ემოციური იყო. როგორც ქათამაძემ განაცხადა, საკითხის გადაწყვეტაში ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება და შედეგი ცნობილი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მერის დაპირებების არ სჯერათ. მას უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მისი მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ უნახავთ.

ეს ქობულეთის სასტუმროების მეპატრონეების რიგით მეშვიდე აქციაა. მორიგი საპროტესტო აქციის გამართვა მათ 18 სექტემბერს დაგეგმეს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (746)

მთავარი თემები